ოდეს საქართველოს გაუჭირდეს ხვამლმა არჩინოს
19 დეკემბერი 2018
ოდეს საქართველოს გაუჭირდეს ხვამლმა არჩინოს

ხვამლი, იგივე ხომლი არის კირქვული მასივი საქართველოში, ლეჩხუმში, ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. სიმაღლე 2002 მეტრი.

ზოგად გეოგრაფიულ ცნობებს არ ჩავუღრმავდებით, რადგან ხვამლის მთა, ბევრ დაუჯერებელსა და საინტერესო ისტორიას ინახავს. მისი გასაოცარი სილამაზე არავის ტოვებს გულგრილს, თუმცა ქართველი და უცხოელი მკვლევრების დაინტერესებას ამ „კირქვული მასივით“ სულ სხვა მიზეზი აქვს.

მე-13 საუკუნეში, საქართველო დასუსტებული იყო მტრის შემოსევებისგან, სწორედ ამ პერიოდში, დავით ულუსა და დავით ნარინის ჟამთააღმწერელი გვამცნობს, რომ ხვამლის მთის ქვაბულებში ქართველ მეფეთა განძსაცავი იყო. ქართლის ცხოვრებაში ვხვდებით ფრაზას: „ოდეს საქართველოს გაუჭირდეს ხვამლმა არჩინოს“.

ძველი ისტორიული წყაროების მიხედვით ვიგებთ, რომ სწორედ ხვამლზე მიუჯაჭვავთ პრომეთე და იქ არგონავტებსა და ჰერაკლესაც დაუდგამთ ფეხი.

ადგილობრივები ასევე საუბრობენ, რომ სტალინს იქ რამდენჯერმე გაუგზავნია ჯგუფი შესწავლის მიზნით, თუმცა საიდუმლო ექსპედიციის შედეგები დღემდე არავინ იცის.

Photo: RachaTakveri

ლეგენდარული ხვამლის მთა ფრანგ ფანტასტ მწერალს ჟიულ ვერნსაც აქვს აღწერილი თავის სათავგადასავლო ნაწარმოებში „შეუპოვარი კერაბანი“.

ამ მისტიურ მთაზე წმინდა გიორგის სალოცავის ნანგრევები აღმოაჩინეს. ხოლო, მაისის თვეში, აღდგომიდან მე-8 კვირის შაბათს აღინიშნება ხვამლობის დღესასწაული ბევრი საინტერესო ადათ-წესით და უცნობი ტრადიციებით.

მისტიკა და მითოლოგია რომც არ გიზიდავდეთ, ამ კირქვული მასივის სილამაზე და ხედი, რომელიც მისი მწვერვალიდან იშლება, ნამდვილად არ დაგტოვებთ გულგრილს.

გაეცანით ჩვენს ბლოგს, აირჩიეთ საინტერესო მიმართულებები, დაიწყეთ ჩვენი უნიკალური ქვეყნის შეცნობა, მეტრო ჯორჯია კი უზრუნველჰყოფს თქვენ კომფორტულ გადაადგილებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.